იცით, _ ეუბნებოდა ნაპოლეონი ფონტანს, _ რა მხიბლავს ამქვეყნად ყველაზე მეტად? ალბათ ის, რომ ძალას ქმნადობის უნარი არ შესწევს. ორი ძლევამოსილი რამ არის მსოფლიოში ოდენ: ხმალი და გონი. დღემდე პირველი ყოველთვის მარცხდებოდა მეორესთან”
როგორც ჩანს, მელანქოლია ზოგჯერ დამპყრობელთა სენიც ყოფილა, ფუჭ დიდებასაც ჰქონია საფასური. თუმცა, ასი წლის წინ ხმალზე ნათქვამი ჭეშმარიტება დღეს ტანკს აღარ შეეფერება. დამპყრობლებმა თავისას მიაღწიეს: წლების განმავლობაში უგუნურების კუშტმა სიჩუმემ დაისადგურა დაფლეთილი ევროპის თავზე. ფლანდრიის საზარელი ომების დროს ჰოლანდიელი მხატვრები, ალბათ, თავიანთი საქათმეების მამლებს მაინც ხატავდნენ. ასწლიანი ომიც თითქოს მიგვავიწყდა, მაგრამ სილეზიელი მისტიკოსების ლოცვები ბევრის გულში დღემდე ცოცხლობს. ჩვენს დროში კი ყველაფერი შეიცვალა, ფერმწერიც და ბერიც ჯარშია გაწვეული, ყველანი ერთი ჯაჭვით ვართ შეკრულნი. გონმა დაკარგა მოძალადეთა მხრიდან ხელშეუხებლობის ურყევი რწმენა; ის თავს ამაოდ იფიტავს ძალის წყევლა-კრულვით იმის მაგიერ, რომ ისწავლოს დაიმორჩილოს, მოთოკოს იგი.
გულაჩუყებული მავანნი გაიძახიან, რომ ვითარება სავალალოა. არ ვიცი, ასეა თუ არა, თუმცა ერთი რამ უეჭველია, ყოველივე თქმული ფაქტია და ჩვენც სხვა არაფერი დაგვრჩენია, ფეხი ავუწყოთ დროს. ამისთვის კი საკმარისია გავიაზროთ, თუ რა გვსურს. რასაკვირველია, პირველ ყოვლისა გვწადია აღარასოდეს მოვუხაროთ ქედი ხმალს, აღარასდროს მივცეთ გასაქანი ისეთ ძალას, რომელიც გონს არ არის დამორჩილებული.
ჩვენს მცდელობას, მართლია, ვერ ექნება დასასრული, მაგრამ ჩვენ აქ ვართ, რათა არასდროს შევწყვიტოთ იგი. მე არ მწამს ადამიანის გონებისა იმდენად, რომ ვენდო პროგრესს ან კაცობრიობის ისტორიაში არსებულ რომელიმე ფილოსოფიურ მოძღვრებას. ვფიქრობ, ადამიანი მუდამ მიისწრაფოდა ცნობიერების სიღმეებისკენ და ამ სრბოლას საკუთარ ხვედრად აღიქვამდა. ჩვენ არასდროს ავმაღლებულვართ საკუთარ ყოფაზე, მაგრამ საუკეთესოდ კი ვიცნობთ მას. ვიცით, რომ ურთიერთდაპირისპირებულნი ვართ და ისიც, რომ უარი უნდა ვთქვათ ქიშპობაზე და ამოვძირკვოთ იგი. ჩვენი ადამიანური მოწოდებაა ვიპოვოთ რამდენიმე ფორმულა, რომელიც დააამებს თავისუფალი სულების უსაზღვრო სევდას. უნდა გავამთელოთ ის, რაც დარღვეულია, სამართლიანობა შევმატოთ ასე აშკარად უსამართლო სამყაროს, დავუბრუნოთ ბედნიერება საუკუნის ჭირ-ვარამით მოწამლულ კაცობრიობას. ბუნებრივია, ეს ზეადამიანური ამოცანაა, მაგრამ განა ისეთ მიზანს არ ვუწოდებთ ზეადამიანურს, რომლის მისაღწევადაც ბევრი დრო და შრომა გვჭირდება?!
მაშ, ვიცოდეთ რა გვსურს და ბოლომდე ვუერთგულოთ გონს, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენს საცდუნებლად ძალა იდეის ან კომფორტის სახით მოგვევლინება. ჩვენი პირველი მიზანია _ არ დავკარგოთ იმედი. ძალიანაც არ მოვუსმინოთ იმათ, ვინც ქვეყნიერების მოახლოებულ აღსასრულზე საუბრობს. ცივილიზაციები ასე იოლად არ იღუპებიან და ეს სამყაროც სხვებზე გვიან დაინგრევა, თუ საერთოდ უწერია ოდესმე დაცემა. მართალია, მძიმე ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ზედმეტად ბევრი მიიჩნევს ამას სასოწარკვეთილების საკმარის საფუძვლად. “ტრაგიკულობა, _ ამბობდა ლოურენსი _უბედურებისთვის ჩაზელილი წიხლი უნდა იყოს და სხვა არაფერი”. სწორედ ეს არის ჯანსაღი და დაუყოვნებლივ გამოსაყენებელი აზრი, მით უმეტეს ჩვენს დროში, როდესაც ამდენი რამ იმსახურებს ამ წიხლს.
როდესაც ალჟირში ვცხოვრობდი, ზამთრის გადატანა არასდროს გამჭირვებია, რადგან ვიცოდი, თებერვლის ერთ ცივ და წმინდა ღამეს კონსულთა ველის ნუშის ხეები თეთრით შეიმოსებოდა. აღტაცებით შევცქეროდი ყვავილების სათუთ თოვლს, რომელიც შეუპოვრად უძალიანდებოდა წვიმასა და ზღვის ქარს. ნუში ყოველ წელს უძლებდა შემოტევებს სწორედ იმდენ ხანს, რომ ყვავილები ნაყოფად გადაქცეულიყო.
ნათქვამი უბრალო მეტაფორა არ გეგონოთ. მეტაფორებითა და სიმბოლოებით ჩვენს ბედნიერებას ვერ დავიმკვიდრებთ, ამისთვის მეტი სერიოზულობა გვმართებს. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ, როდესაც უბედურებით აღსავსე ევროპაში ცხოვრება აუტანელი სიმძიმის ტვირთად მეჩვენება, მზერას იმ გასხივოსნებულ ქვეყნებს მივაპყრობ, სადაც ამდენი ენერგია ჯერ კიდევ ხელუხლებელია. ზედმეტად კარგად ვიცნობ მათ, არჩევანის წინაშე მყოფ ამ მიწას, სადაც სიმამაცე და თავშეკავება აწონასწორებს ერთმანეთს. მათი მაგალითი მარწმუნებს, რომ თუ გონის გადარჩენა გვინდა, უნდა უარვყოთ მისი საცოდავი სათნოება, განვადიდოთ მისი ძლიერება და ეშხი. ეს ქვეყანა უბედურებითაა მოწამლული და თითქოს ემორჩილება მას. სამყარო, ნიცშეს სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმძიმის სულმა მოიცვა. არ გავუწოდოთ ხელი ამ სენს. ამაოა გონის დატირება, საკმარისია ვიშრომოთ მის გადასარჩენად. 
სადაა გონის ის დადებითი მხარეები, რომელიც ასე იმხრობს ადამიანებს. ხსენებული ნიცშე ასახელებს მათ სიმძიმის სულის მოსისხლე მტრების ჩამონათვალში. მისი აზრით, მათ რიცხვს ხასიათის სიმტკიცე, გემოვნება, კლასიკური ბედნიერება, სიამაყე და გონების სიდინჯე მიეკუთვნება. ეს სათნოებანი ყველაზე მეტად ახლაა საჭირო და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია აირჩიოს ის, რომელიც მეტად შეეფერება. მიუხედავად ასეთი ფართო არჩევანისა, მაინც ვფიქრობ,  ხასიათის სიმტკიცე არ უნდა დაგვავიწყდეს. რასაკვირველია, იმ წარბების შეჭმუხვნასა და მუქარას არ ვგულისხმობ, საარჩევნო ორომტრიალის განუყრელ ნაწილს რომ წარმოადგენს. ნამდვილი სიმტკიცე ხასიათისა ზღვის ყველაზე ულმობელ ქარსაც გაუმკლავდება თეთრი სისპეტაკითა და ძლიერი ნებისყოფით. სწორედ ის შეძლებს და კაცობრიობის ზამთარში შექმნის ნაყოფს.


                                                                                                                                  თარგმანი ნიკოლოზ აგლაძესი