Monday, April 4, 2011

ზინა სოლომნიშვილი

***  
მორჩა, ვეღარ იტანს
გული აღვირს,
გრძნობები ჰგვანან
ცხენებს გასახედნებს;
მე ძლივს ვიგერიებ 
მგლების ალყას,
შენ კი, უგუნურო,
რას აკეთებ?!
ვაიმე, ურჯულომ არ მიყიდოს,
თვალი ქართული ცის 
გაჰყვა ლივლივს...
საბას გამოჩენას
ველოდები,
სტამბოლის ბაზარზე გაყვანილი.


         ***
      მხარზე ხელს 
მირტყამს უბედურება,
არვინ მძმაკაცობს 
უკვე მის გარდა;
ჩემს სისხლს ვსვამ
ღვინოდ, გულგანგმირული,
მისგან, ვინც ჩემზე
ძლიერ მიყვარდა...
გაყიდული ვარ  
იმ მეგობრისგან,
ვისაც ჩემს თავზე
მეტად მივენდე...
ქუჩის კახპაა
ახლა ის გოგო,
მე რომ საკოცნად 
ვერ გავიმეტე.



***  
მთებს აპრილი დაჰკისკისებს სერაფიტად,
ცხელ მიწაზე დაკონებას მთხოვს სხეული...
აბა მითხარ, მე უშენოდ მზე რად მინდა,
ლერწამი ვარ, სალამურად მომსხვრეული.
ნუ გამისწრებთ, წლებს მივკივი მდევარივით,
მე ამ ქვეყნად ვარ სიტკბოსთვის მოწვეული,
კახურ ვაზზე ასაგლეჯი მტევანი ვარ,
შენს ცხელ გულზე დასაწურად მოწეული.






***
თვალებით სჭამენ
ალვები მინდორს,                     
      როგორც ეულ ქალს-
მრუში კაცები...
ვიღაც ვაჭრულად 
მიმზერდეს ვითომ,
ისე ვღელავ და
მეწვის ღაწვები...
მზემ გადაიძრო
ნისლის პირბადე,
დასკდნენ ღრუბლები,
როგორც ბოთლები...
ო, მაპატიე, 
არ გამიბრაზდე,
თუ შენი ნატვრით
დღესაც ვლოთდები...
გემივით მიაქვს 
სხეული ფიქრებს,
ქარი მაწყნარებს 
უცრემლოდ მტირალს;
ეჭვების კვამლში
ვაგდივარ პირქვე,
და ყველა სახის
ნიღაბი მტკივა...






***
გულში ჩაიკრა 
ბიჭმა გოგონა,
ხელი იფარა
ფიჭვმა თვალებზე...
არ ენაღვლება 
ქვეყნის ჭორები,
ჰკოცნის და ჰკოცნის 
მიწას ცხარე მზე...
და ტიტლიკანა 
ნაკადულები
ალაზნისაკენ 
მიტანტალებენ...













იქნებ აღარ ვიყო ხვალ


თვალები მიგავს 
ვარსკვლავებს,
ბაგე
აკოკრილ ვარდს...
ვდგავარ 
დამწიფებულ ბალივით,
ქურდები მივლიან
გარს...
თუ იცი,
ნეტავი თუ იცი,
რამხელა
უგულო 
ხარ!
მოდი,
დამამტვრიე ტოტები,
იქნებ აღარ ვიყო
ხვალ...
         




***
სისინებს ცელი,
სისინებს ცელი,
კვდებიან ბალახნი მოცელილნი...
 _ ღმერთო, მაცოცხლეო – 
ჩურჩულებს ენძელა
მუხლებზე დაცემული მლოცველივით.



ღრუბელი


_წყალი თუ მწყურია,
როგორ ვერ დავლიო, -
თქვა მთვარემ და ზღვაში შეცურდა ტივივით...
მთამ: _თეთრი მერანი ვარ!
მუხამ: _მხედარიო!
_მე რაღას წარმოვადგენ? –
ქრის ქარი კივილით...
_ცამ მზე დაიკიდა როგორც მედალიო, -
ცაშია ხეების
თვალები ირიბი...
_ რატომ ვარ ასეთი შეუხედავიო! –
თავი მოიკლა ღრუბელმა ტირილით...




***
მზე მთაზე გასკდა,
ღვინის კასრივით,
ხევში ჩაიხრჩო
ღამე უძლური...
გადაღეღია 
ჩოხა ორღობეს
და მოდის ბიჭი
ვაშლის კუნწულით.
იცინის, როგორც სოფლელი გოგო,
ცა იასამნით 
გადახუნძლული...









 სურათი


მწყემსი ცხვრის ტალღებს მიდენის სტვენით,
წამოუნთიათ ატმები შუკებს...
ნეტავი რაღა დრო არის წყენის,
როცა ალერსით სავსე ვარ უკვე.
დღე მიდის, მიდის ხვალით დევნილი,
მზის წარღვნა წასკდა ცის კალთა-უბეს,
კავკასიონი ხარირემივით
ქორბუდა რქებზე იფხრეწავს ღრუბლებს.





***
წევს, მწვანე ბალახს იცოხნის მიწა,
დილა მაწყნარებს ეჭვით გადაღლილს...
თუ გადამრიე, გაფიცებ ვინც მწამს,
მოვალ და ჩემს თმებს მკერდზე დაგაყრი,
როცა ხანძარი მოქუხს ძარღვებში,
უფსკრულიც შეგხვდეს, უნდა გადახტე...
შმაგი გრძნობები კლდეებს არღვევენ,
რა შეუძლიათ ცოდვილ არტახებს,
მოვღელავ, როგორც გიჟი მდინარე,
გზად დაბრკოლებებს ვლეწავ სიაშრით;
ქვეყანას ვფიცავ, ისე მიყვარხარ,
ყველა სიძულვილს ნეკნებს მივაფშხვნი,
ჩემი ძარღვები შენს გულღვიძლს ერთვის,
და შენი ტრფობა მაწვიმს გნიასით...
სასწაულია, ახედე ერთი,
მზე გაუჩრია ცას იღლიაში. 




***
ცას მთა ჰკიდია, როგორც გიდელი,
ჩოხებს იხევენ ხენი მთვრალები;
დედაო მიწავ, ისე გიდნები,
რომ სიყვარულად აგიზღვავდები.
ყაყაჩოსავით ვიწვი, ვწითლდები,
მწვანე სიცილში მხვევენ ყანები.
სერზე მზის ირგვლივ როკვენ იფნები,
როგორც კოცონთან ბოშა ქალები.



***
თვალთა უპეებზე მტრედის კვალი,
შუბლი დამჭკნარი და დაზოლილი;
სახე შერუჟღული ოხვრის კვამლით,
ტუჩებზე – ღრუბელი გაწოლილი...
ცეცხლის ბურთს უჩივის ყელი ცალკე,
გული გასკდა, როგორც ლამპის მინა...
ცივად დაიკივლა წრფელმა სარკემ,
_ ეს რა დაგმართნია, ჩემო ზინა!












***
რომ მოვკვდები,
მზეს მიეცით 
ჩემი ცეცხლი,
ყველას,
ყველას 
ჩემი გულით გაუცინეთ...
არ გაახმოთ,
ყველა ყვავილს,
ყველა ბალახს
ჩემებური
მზრუნველობა გაუწიეთ...
მთელი ჩემი 
სათნოება, სინატიფე
ობლებს გზებზე
ენძელებად დაუბნიეთ...
აიღეთ და
მერე ჩემი
ყველა ლექსი
ტიტველ ბარტყებს 
ბუდეებში ჩაუფინეთ...



პლანეტის მაჯა


წლებს ფოთლებივით 
სცვივათ დღეები...
ვარსებობთ,
ვცოცხლობთ
ავად თუ კარგად...
ყველა წელს ჩვენთვის 
სიახლე მოაქვს,
ყველა წელს
ძვირფას ახლობელს ვკარგავთ...
სიცოცხლის წუთებს 
გვითვლის საათი,
დროს სულ არ ესმის მუდარა, აჯა...
მე, შიშისაგან 
თვალებად ქცეულს,
მიჭირავს ხელში პლანეტის მაჯა...












ვერვინ ხედავდა


ო, ვეღარ 
ვუძლებ
გულს, გაჩრილს 
ყელში...
ცრემლი კუნწულობს,
ნაღველი
ღრუბლობს...
ცოცხალი იყო –
ვერვინ ხედავდა,
მოკვდა და
თავებს 
ახლიან
კუბოს.
 



***
მზით ბურთაობენ 
მთაში მუხები,
მინდორზე ცეკვავს
ერთი მათგანი...
_ ძუძუ ვის უნდაააა?!
ბღავიან ცხვრები.
_ მეეე! – პასუხობს 
ყველა ბატკანი.
მწყემსის ჟინიან
ბაგეებს, თვალებს
გადმოშხაპუნობს
ტრფობა მართალი...
მირბის გოგონა
და მის უბეში
უმანკო მტრედებს
გააქვთ ფართხალი...




***
მხრებგალუმპული ველურ ყვავილით
გაშმაგებული ვკოცნი სამყაროს...
რად შევძრა ზეცა ფურის ბღავილით,
თუ ძალმიძს, მხრებზე ვარდი გაყარო...
მორჩა, ლოდინის არ ვარ გამძლები,
შემოვიფხრეწავ ამ მზეს,
ამ მინდვრებს... 
ახლა ან შენი სუნით გავძღები,
ან გრიგალივით
თავ-პირს დავიმტვრევ...
ეს გადარევა ვეღარ გამივლის,
გინდაც ცხელ გულში 
ტყვია მახალონ;
ჟინატეხილი, უქმრო ქალივით
იის ღვართქაფში 
გორავს სამყარო...


No comments: