Monday, April 4, 2011

დაიმახსოვრეთ ეს სახელები! ნათია ბაქრაძე

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიტერატურულ სტუდიაში გამართულ საღამოებსა და “საჭაშნიკო” დღეებში ხშირად გაისმის სიტყვები: “დაიმახსოვრეთ ეს სახელები!” მართლაც და აქ აღზრდილთაგან ბევრი ნიჭიერი შემოქმედის სახელი გახმიანდა.
          დღეს ამ სიტყვებით პატარა ნათია ბაქრაძეს წარმოგიდგენთ.
ის ჯერ მხოლოდ ცხრა წლისაა. ძნელია ამ ასაკში იწინასწარმეტყველო როგორ წარიმართება მისი შემოქმედებითი გზა. გაუყვება თუ არა ნათია რთულ, დაკლაკნილ ხვეულებს დიდი ლიტერატურისაკენ. ამჯერად ის მხოლოდ მე-3 კლასელი გოგონაა და ლიტერატურული სტუდიის “ცეროდენა კალმოსანთა” წრეში დადის. ნათიას ბავშვური უშუალობით შექმნილი სტრიქონები და გაუნელებელი ინტერესით თხზვა გვაფიქრებინებს, რომ გვყავს საინტერესო მონაცემების მქონე ნიჭიერი შემოქმედი.
                                          პედაგოგი  გული სალუქვაძე


გთავაზობთ ნათია ბაქრაძის ნაწარმოებებს.



გაწუწული ლეკვის ნატვრა


გაწუწული ლეკვი ნატრობს,
ნეტავ დედა მყავდეს ახლოს.
მე რომ ასე ძლიერ მცივა,
უეჭველად ის გამათბობს.
ის ჩამიკრავს გულში მაგრად,
გადამისვავს თათებს ნაზად.
დედასავით მზეც ვერ ათბობს,
მიტომ მინდა მყავდეს ახლოს.
დედა კარგად რომ გამაშრობს,
ისევ წავალ სათამაშოდ.


     დედა


სულ მუშაობს დედა,
მე კი მენატრება.
ვუცდი, ვუცდი დიდხანს,
ბოლოს მეძინება.
დილას მხვდება საწოლში
მხოლოდ შოკოლადები.
დედა, ნეტავ თუ იცი
ასე რომ მენატრები?...
მატყუებენ ვითომ,
რადგანაც ვარ ბავშვი.
მე კი ვიცი დედას
შოკოლადში არ ვცვლი.




გერგეთზე


გგონია მთას გადააბიჯებ
და ცაში ახვალ ღმერთთან.
ვდგავარ შუაგულ ცის ქვეშ,
ტაძართან, - გერგეთთან.
ცაში ჩაფლული მთები,
და ცივი წყაროს წყლები,
მფრინავი არწივები,
ხასხასა მინდორ-ველი –
ეს სამშობლოა ჩვენი.



მამაო


მამაოს ჰყავს მამა ავად,
მე ვერაფრით ვშველი.
მის თვალებში დავინახე
სევდიანი ცრემლი.
მთელი მრევლი ნერვიულობს,
ჩემთვის უფრო ძნელია...
მეც მომიკვდა მამიკო,
უკვე მეცხრე წელია.
გამაგრდი ჩვენო მამაო,
ვიცი ძალიან ძნელია,
მაგრამ ამდენი შვილები,
შენ ერთ მამაოს გელიან.
ტაძარში უთქვენოდ დგომა
ჩვენთვის ხომ ძალზე ძნელია.
რთულია მშობლის გარეშე
იცხოვრო ამ ქვეყანაზე.
და არ იფიქრო ცად წასულ 
საყვარელ, მშობელ მამაზე. 

No comments: