Monday, April 4, 2011

ლიტერატურული სალონის წინასიტყვაობა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავლად ირიცხებიან სტრუდენტები, რომლებიც ღვთისაგან დაჯილდოვებულნი არიან დიდი შემოქმედებითი ნიჭითა და უნარებით. მათ შორის მეგულებიან ისეთი ავტორებიც, რომელთა ნაწარმოებები მეტაფორული აზროვნების და წმინდა ინტელექტუალური, მეტიც – მეტაფიზიკური შინაარსების ურთიერთზეგავლენის ბუნებრივ პროცესში ოქროს კვეთის პრინციპის დაცვით არის შექმნილი. მათი შემოქმედება არ გულისხმობს მხოლოდ ესთეტიკური მოდელების სრულყოფისაკენ მიზანმიმართულ ორიენტირებას და წარმოგვიდგება ხელოვნების (და არა ლიტერატურის) იმ გამოვლინებად, რომელიც თავისივე თავში შეიმეცნებს და ქმნის სინამდვილეთა პრინციპულად ახალ გამოსახულებებს.
        ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება გვერდში ამოვუდგე ახალგაზრდა შემოქმედებს და დავეხმარო მათ თავისი შესაძლებლობების რეალიზებაში. მიმაჩნია, რომ სტუდენტთა შემოქმედების პოპულარიზაცია ჯანსაღი, სიცოხლითა და სიხალასით სავსე ლიტერატურული ცხოვრების დაწყების საწინდარია და, ამდენად, უნივერსიტეტის ლიტერატურული გაზეთის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართული მწერლობისათვის.
        როგორც “ლიტერატურული სალონის” რედაქტორმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ სარედაქციო კოლეგიის თითოეული წევრი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს, რათა სტუდენტთა შემოქმედება საკადრისად გაშუქდეს. უდავოა, რომ ახალგაზრდა თაობის ლიტერატურული ცხოვრების წინსვლისათვის, აუცილებელი წინაპირობაა მათი შემოქმედების საზოგადოებაში რეალიზება.
        მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც გაზეთის შედგენაში მიიღეს მონაწილეობა. ჩვენის მხრივ კი შევეცდებით “ლიტერატურული სალონის” მკითხველი მომავალშიც გავანებივროთ საინტერესო სტატიებით.
           პატივისცემით, ლექსო დორეული.


No comments: