Monday, April 4, 2011

ზაზა კაც-იაშვილი

ზ ე დ ა ზ ე ნ ზ ე
                                   ეძღვნება კობა გურულს

აპოკალიფსი –მოქნეული სატანის ცელი,
ცუდბედობათა, ცრუქადილთა ცური ბალღამის,
ისმენს და მასმენს სიყვარულის ამო ღაღადისს,
დაქცეულის და დავსებულის ამაყი მცველი.

ზნენი ზენანი – უღირსთა და უგულოთ ფერხთით,
 მკადრებელია უკადრისის განა თუ ასი,
 გათამაშდება მერამდენედ მამულში ფარსი,
 დამეხილია მუხა ისევ ღალატის მეხით.

დაუნჯებული დამუნჯებულს მკითხავ აღარას,
მიწიერისთვის არ აწუხებ მიწყივ მიწიერს,
ვარსკვლავთა ხომლი მოიხელთე, მისწი–მოსწიე,
ხატმა კიარა, ხატის კაცზე ფიქრმა დაგღალა.

შებილწულია, შებღალული ოცნების ბაღი,
ფერად–ფერადი ვერაგობის ვესწრაფვით ზეიმს,
რა გაეგება ბრმა გონებას მზისდარი მზერის,
ერისკაცობის, ეროვნების მოირღვა თაღი.

მცნობი წიაღთა წარღვნებისა, სიზმართა მცნობი,
ასომთავრულის – სამთავისის – სამ მთავარ მცნების,
შენი ჩუქურთმის, დედო ფიქრის და დედო ზმნები,
 გადასაცლელი დღემდე რომ აქვთ მტვერი და ობი.

გონგეწიფება გენიათა განი და გენი,
აქარწყლებს წყლულებს – შემტყობარი მომავლის მაჯის,
დაამწყალობნებ, აფრთიანებ, არავის არ სჯი,
გამოისყიდი ჩვენთა ცოდვათ საკუთარ გვემით.

ფარა–ფარაა... სხვაა ნიჭი ჯვარის მწყემსობის,
გადავცილდებით ამ რუბიკონს – ამ სავაგლახოს,
განა ირმისას, – საქართველოს მოელი ნახტომს,
 მტერსა და დუშმანს წინდაწინ რომ გულზე ესობა.

 სოფლის და წუთის შუა ჩადგმულს – შეჭედავ კარებს,
ქაშუეთია – ზედაზნეთა სპეტაკი შუბლი,
ჩვენი გიორგი, ჩვენი ფარი და ჩვენი შუბი,
მტერს საქართველოს ჰაიჰარად არ ჩააბარებს.

ზეობა აზრის... მოზარეა კენჭიც კი, კენჭი...
ანბანი ჩემი სხვანაირად აქ თურმე ჰყვავის,
შემოტეულა, დაფლეთილა მაგია ყვავის,
ნათელმხილველი სიყვარულის უკვდავი ბეჭდით.


 ზედიზედ ზენ არს, ზესთასოფელს გიხმობენ გზები
 და გტკივა გული – საქართველო რაკი გტკენია,
  შენი თავთუხი, შენი ყანა და შენი ზვრები,
  შენი ზედაშე –  ზედაზენზე ასატანია!

No comments: