Monday, April 4, 2011

,,მიჭირავს ხელში პლანეტის მაჯა” - ზინა სოლომნიშვილი

არსთა გამრიგე ისე რად ინებებს, რომ ჯერაც ჩვილ, მარადიული ყრმობით დაძაბუნებულ, წელში ოთხად ნასხეპ წუთის სოფელს თვალის ჩინიც ისე დაეშრიტოს, რომ ხელის ცეცებით ძლივს აგნებდეს თავის კალაპოტსა და ბუდეს. მაგრამ ადამის ძეს თუ ავი ქარი დაეცა, კაცმა თუ ეშმაკის უხედნზე უკუღმა ჯირითს მიჰყო ხელი, ვაითუ გაბერწებულ მუზებშიც ანგელოზებმა დაიწყონ ქივქივი. მართალია, ზოგჯერ დუმილი ჯვარზე უფრო მძიმე და სიტყვაზე მეტად ბარაქიანია, მაგრამ თუ იფეთქა, იქნებ მტერს სამუდამოდ ჩაეკენჭოს გულში მისი საზარელი ზრიალი! იქნება ისე არიოს მონასტერი, რომ ლექსის წერის გარეშე ქართველობაც ვეღარ დავიჩემოთ!... მავანი ახლა გულწრფელი სიამაყით, საფანტივით მომაყრიდა თანამედროვე პოეზიის გულშეუვლებ, მეტაფიზიკის საცერში გაცრილ ნიმუშებს, მაგრამ ალილო და ხვალაო! ვაგლახ, რომ ეგ საცერი უბეგარღვეულია და თქვენი ვაშლის ხეც მწიფესა და მკვახეს ერთად ბერტყავს.
        მკითხველო, ეგ შავთეთრი ეკრანივით ფართოდ ახელილი თვალები ცოტა ხანს მოხუჭე და სცადე ასე წამიკითხო. შენც იცი (თუმცა რატომ უნდა იცოდე), კაცს ჭკუა უწინარესად საგულეში უნდა ჰქონდეს, მერე – თავში.
         ჩვენს დროში (არადა აქამდე დრო მუჭში იშვიათს თუ მოუმწყვდევია და დაუგულვებია აზრში არსისა) ძლიერ მომრავლდნენ ლექსის მწვალებელი ჯალათები. რა უჭირს! წერას წინ არაფერი უდგას სინდისის გარდა და ესენიც მიერეკებიან თავის პოსტმოდერნისტული იდეებით ტვინგალაღებულ, უფრო სწორად, სიტყვაგამწყრალ აზრთა ფარას. “გალაქტიკებიც ჩაცხრნენ, / გალაკტიონის მერე”- ო თქვა ქართველმა პოეტმა ზაზა კაც_იაშვილმა; შენ როგორღა შეიძელ, რა გულის ყურით, რომ მზის გულის თაფლით დაძერწილ, ქართველის ხელით ღვთისმშობლის ვენახში მორთლულ სიტყვებს, შესისხლულ, წარმართთა ძვლებით შეკონილ საწნახელში წვეთ–წვეთ მჟავე ბადაგად სწურავ!... ზეცას მიგიჭერია გლობალურ დათბობას გამოხიზნული ტერმინებით ამოვსებული თავის ქალა და ამასაც არ სჯერდები; ღმერთშემოსილი, მადლშესხმული სხივით ნალოლიავებ, ცხრა ცის მირონდანაწვიმ, ჭეშმარიტების სისავსით მოვლენილ შემოქმედებსაც გზას უღობავ. შე კაი კაცო, ამ ეკონომიკურ ფუნდამენტზე შვეიცარიული საათივით აწყობილ ქვეყანას რად ირთულებ?!! უმჯობესია, მავანი ნაღველს თუ არ აიშლის; ლექსსაც მოასვენებს, მკითხველსაც და იქნებ იმ პოეტების დაფასებაც შევძლოთ, ძარღვებდაბერილი ლექსი რომ აწუხებთ და არა პირიქით. მომკალი და მართალი ვარ! იცოდე, “თითო ნაოჭი გაგლეჯილი შუბლის ძარღვია!”(ლ.დ). შე დალოცვილო, რამ გამოგაპოეზია! აცალე, იქნებ უშენოდაც დაგვიზამთრდეს გაზაფხული!... თოთო არსის აკვანში გახრწნილ ყოფიერებას  რომ არ ჩაჰკირკიტო და მარადი ილუზიის ორეულივით არ აეტორღიალო შენს გარეშედაც თავგაბეზრებულ, თვალებდაწყლულებულ ხელოვნებას, ცოცხალი ლეშივით მომართე ცნობიერების ლაგამი და.... ეჰეჰეეეე!!! მერე იდეოლოგიის ხმა თავად გაგიტყუებს მღვრიე წყალში თევზის დასაჭერად. ნუ იფიქრებ, რამეს გატყუებდე! თუ არა და, აჰა, შენი ხმალი და ჩემი კისერი!
          ცოდვა გამხელილი სჯობს! არც მე ვარ დაუჭიანებელი თოვლი! შენც და მეც თანაბარი წილი გვიდევს იმაში, რომ პოეზიის უპატრონო საყდრიდან გასვლისას ჭიშკარი ღია დაგვრჩა და შიგ კენტი კელაპტარიც არ ავაკიაფეთ ვირეშმაკების დასაფრთხობად, შთაგონების სამსხვერპლოზე სიტყვის აღსაზევებლად. რა გულმოდგინედ ცდილობ, ბედო მსახვრალო, რა მონდომებითა და თავგამეტებით, დაამცრო და შავ მიწას წააღებინო ჩვილი, შეურყვნელი, მარადისობას საგზლად აკიდებული სტრიქონები....
           ჩემო პეტრე და სხვისო პავლე, შენ რომ ორგანული კანონებივით დაგიზეპირებია უცხო სიტყვათა ლექსიკონით პირთამდე აფუებული ლექსები და ყოველდღე ჩეკავ უშრეტი მუზის ცოდვიან გერებს, მთლად არ მგონია პოეზია იყოს წმინდა სახით.
           პოეზია უნდა წარმოადგენდეს დროსა და სივრცეში მოუხელთებელ  იმ წამს, რომელიც უსასრულოდ გრძელდება და ამ მარადიულ წრებრუნვაში იშვიათად თუ დაიგულვებს საკუთარ თავს ყოფიერების ცნობიერების ცნობიერებად. მან, პირველ რიგში, აბსტრაქტულად უნდა შეიმეცნოს საკუთარი თვითმყოფადობა და წარმოგვიდგეს “მარადიულ აწმყოდ”, სადაც ისტორიული ნაკადი მუდმივად თანადროულია და გადამწყვეტი მნიშვნელობა არა სინამდვილესთან გრძნობად კონტაქტს, არამედ გარესინამდვილის მიმართ გამიზნულ ორიენტირებას აქვს. ფილოსოფია, - როგორც უნივერსალური ჰერმენევტიკა _ პოეზიაში უნდა განსხეულდეს, განივთდეს და თვითშემეცნების, როგორც თვითქმნადობის “მარადიული კვლავდაბრუნების” პროცესი, სიცოცხლის სტიქიონი დროით სისტემებში ირაციონალურად “ადღვებისაკენ” მიმართოს.
           თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ჰერმენევტიკული ტექსტების შექმნა _ ნაწარმოებებისა _ რომელთა არამდგრად, უფსკერულ  სიღრმეებში საუკუნოვანი სხივია ჩაკარგული იმ ღვთაებრივი ნასახისა, რომელიც გაჩენის დღიდან აზროვნებას გვიხშობს და გვიბორიალებს.
           ასე რომ, შენს უკან ერთი კაცი მაინც იგულისხმე, სადაც შენსას იტყვი, იქ იმის სახელიც ახსენე, ვისშიც წამზე უსწრაფესად გაუელვებია ზეგრძნობად სივრცეში არეკლილ ნაპერწკალს; ვისაც სამყაროს სულით უსუნთქია, მისი გულის ფეთქვა და ძაგძაგი საკუთარ მკერდში უგრძვნია და სულთმობრძავ დედამიწას მაჯისცემას დღესაც უთვლის; და სანამ ასეთი ადამიანები არსებობენ, მადლიანად დააბიჯებენ გაუცხოვებულ მიწაზე და ლექსებიდან მირონი  მთის წყაროსავით გადმოსჩქეფთ, დააფასე, მკითხველო! იგრძენი,  მოეფერე და უთხარი, რომ გიყვარს!
           ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი მოთინათინე ვარსკვლავი მომწყდარა პოეზიის დახუნძლული ცარგვალიდან და კიდევ რამდენი ჩაპირქვავდება უკვალოდ  საუკუნეთა მიმქრალ მეხსიერებაში მერმისის მემკვიდრეობად. ვინც აწმყოს ფეხის თრევას კნავილით აჰყვა, უთუოდ დააჩნდება თანადროულ სივრცეს, მაგრამ ჟამთა შეუმცდარი სამსჯავრო უსიკვდილოდ ქაფად მოიგდებს;  ფსკერზე კი მხოლოდ რჩეულთა ნაღვაწსა და ნაგრძნობს დაილექავს..
     ნამდვილად ქუდბედდაყოლილი ვარ, რომ ასეთ შემოქმედთაგან გამორჩეულს თავად ვიცნობ და ძალმიძს, შენც გაზიარო მის ამღერებულ პოეზიას, მკითხველო! მის არაამქვეყნიურ მეტაფორულ სამყაროში ფარღიატიდან მაინც შეგაჭვრიტო ცალი თვალით. დე, ლამაზ მკერდზე შენც შეგდგნენ ნუკრები! შეიძელ კაბად გადაპენტილი ველ-მინდვრები ჩაიცვა და უბე მერცხლებითა და ჩიტებით აივსო! ჰა, და უცქირე, კავკასიონი ქორბუდა რქებზე ხარირემივით როგორ იფხრეწავს ღრუბლებს. ფეხებტიტველა ყვაწვილებივით როგორ ცეკვავენ მოლზე ღიღილოები. დაე, შენს თვალწინ გასკდეს მთაზე მზე ღვინის კასრივით. მერე მიაყურადე, მწვანე ბალახში მწოლიარე ნაკადული როგორ ასწავლის ყვავილებს ტიტინს. აქეთაც გამოიხედე, ჩიტებს პაწაწკინტელა თივის აკვნები რტოებზე აუტანიათ; მთვარით დაბარდნილ ეზოს გარშემო აკაციები დაშაირობენ; ტყემლებს ისე გადმოსდის თეთრი ნამქერი, როგორც დედის რძე პირიდან თოთოს! ვაზებს კი მტევნები ისე დაჰკიდებიათ, როგორც ძუძუებს თოთო ბალღები. გახედე, ზვრები კუმსი მტევნებით ზედ ასკდებიან ერთიმეორეს. იასამნით გადახუნძლული ზეცა, - ფიროსმანის ლურჯი სუფრა, ხმელეთს იის ზღვად ჩამომსკდარა. გინდა, მზეს ხელში თასივით დაგაჭერინებ?... და მერე, მოდი და ყველა ლექსი ტიტველ ბარტყებს ბუდეებში ჩავუფინოთ.... იარე გალაქტიკებში გაყვანილ ბილიკზე და იქნებ დალანდო კიდეც მიწაზე მდგარი მაღალი ღმერთი, როგორ ეფერება საქართველოს.... მერე კი.... სისხლად მომწყდარი წინაპრების ხმა კვირტებად შენც გამოგაყრის და საწუთროში მორგებული ყველა სახის ნიღაბიც აგტკივდება....
  1.            ეს ლაღი, ხალასი და მშვენიერებით სრულქმნილი სამყარო, ქართველი პოეტის, ზინა სოლომნიშვილის შექმნილია და ყოველი თვალის შევლებისას, ხელახლა ცოცხლდება რკილდაუდებელ სურათებად. შენ კი, ჩემო გემოწამხდარო, თვალზე ბინდგადაკრულო, გაბოროტებულო მკითხველო და კალმოსანო, ნაცვლად იმისა, რომ ხელის გულზე ატარო, საკადრისად დააფასო, მისი ცხადი სიზმრის თანამგზავრი გახდე და იამაყო შენი მამულის ღირსეული შვილით, უკვდავი პოეტით, რომელსაც ხელში “პლანეტის მაჯა” უჭირავს, შეიძელ და ათქმევინე - “ცოცხალი იყო - ვერვინ ხედავდა, მოკვდა და თავებს ახლიან კუბოს”. აფერუმ შენს მონდომებასა და გარჯას! არ გეგონოს, რამეს გსაყვედურობდე!.. რაც არ მოიწადინე, ისევ შენს სულიერებას, ნამუსს დააკელი და პირისწყალი ძმართან ითანაზიარე. ამიტომაც ჩამოხმი უჟამოდ და ადრე თუ სიზმრები სისხამზე მაინც მოგისწრებდნენ ხოლმე, ახლა ტყავიდან რომც ამოვძვრეთ მეც და შენც, ვერ გაიგონებ რიჟრაჟის ჭყივჭყივ-ჟღივჟღივს, ბუდეებიდან გადმოცვენილ ნიბლიებს ხელისგულზე ვერ დაისვამ, ცახცახატანილი, მზეს ვერ მოიყუდებ პირზე, აღტაცებით ვეღარ შეაჩერდები ცაში ავარდნილ ნუშთა შადრევნებს და რაც მთავარია, ვერ იხილავ, გადაპენტილი საქართველო პლანეტას თაიგულივით რომ უჭირავს ხელში და იმშვენებს გულმკერდს.... განა იმიტომ, რომ ვინმე ღვთის წყალობას დაგიმალავს. არა! უბრალოდ, ახლა, ასე მოქუფრულსა და მოგუდულს საკუთარ ფშვინვაში, ვეღარ გაგიშვებ იმ სიყვარულის სუფრასთან, რომელიც არასდროს გღირსებია. ვაითუ ზედ შეახოცო ზიზღი და შური სინამდვილისა.... აკი-ღა თავის ლექსშიც წერს ზინა სოლომნიშვილი – 
“ათასნაირად 
ფერად გზა-ქუჩებს 
ცრემლები რწყავენ, 
ქარები ჰგვიან... 
უმჯობესია განსჯა 
თავიდან, 
ვიდრე თავ-პირში 
იცემო გვიან... 
დახურულია ბოროტის გული, 
კეთილის გული – 
უსაზღვროდ ღია; 
სიღატაკეა ზოგი 
სიმდიდრე, 
ზოგ სიღარიბეს 
სიმდიდრე ჰქვია.” 

            ახლა თავად განსაჯე რა ავლადიდების პატრონიც ყოფილხარ. ეჰ, რა ტყუილად ეფოფინებოდი და დაჰკანკალებდი ოქროს ზოდებს!... არაფერი გაგვაჩნია ლექსის გარდა და ხედავ?... მაინც შენზე მდიდრები გამოვდექით! თუ შეგშურდება, ვიფიქრებ, რომ შენი შველა კიდევ შეიძლება, თორემ, აბა, ისე, შენთვის პოეზია რა სანატრელი და შესაშურია....
            ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, - დროთა შეუმცდარი სამსჯავრო მისხალ-მისხალ ასწონის ყველას ნაღვაწსა და ნაშრომს. ზინა სოლომნიშვილის ბუნებით სრულქმნილი, მადლმყოფელი შემოქმედების შემცნობი და შემგრძნობი კი უყოყმანოდ დამეთანხმება, რომ მისი პოეზია იმოძღვრებს მესამე ათასწლეულში და საუკუნოდ დააჩნდება არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ხელოვნების ისტორიასაც, როგორც უბადლო, უთანაზიარი, განუმეორებელი ხატება სილამაზისა, მშვენიერებისა.
           ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში შემთხვევითი არაფერია და ის გრძნობად-იდეალური ხატების ჰარმონიული, სინთეზური ურთიერთდაკავშირებაა შემეცნების რაციონალურ სტრუქტურასთან. ეს ის პოეზიაა, სადაც მეტაფორული აზროვნება ზოგადონტოლოგიური არსის საზრისის პარალელურად ვლინდება და ყალიბდება, როგორც ემპირიული ცნობიერება. თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ აქ ერთი პარადოქსი თავისთავადად იჩენს თავს _ ზინა სოლომნიშვილის პოეზია გაიდეალებაა სამყაროსი, არა როგორც თავის თავში არსებული და მოძრავი სუბსტანციის, არამედ როგორც ჯერარსში გამოვლენილი დასაბამისა, რომლის იმანენტური ფორმაც ტრანსცენდენტალურ სივრცეში აბსტრაქტულად ყალიბდება ცხოველმოქმედ, დაუდგრომელ ორგანიზმად.
          აზრის წმინდა ქმნილება – აი, რა არის ზინა სოლომნიშვილის თითოეული ლექსი. მართალია, მისი არაამქვეყნიური, “წარმოუდგენელი” მეტაფორები მკითხველს იმდენად აბრუებს, რომ შეიძლება, ნაკლები ყურადღება მიაქციოს ტექსტის შინაარსობრივ მხარეს (რაც სავსებით ნორმალურია), მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პოეზიაზე, რომელიც აზროვნებს და შეიმეცნებს, ქმნის და რეალიზდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ტექსტის მხატვრულობით განცვიფრებული მკითხველი იმ სიღრმეებსაც “გამოეკიდოს”, რომელიც სიტყვებს შორის არის დავანებული. ეს კი ყველას როდი გონეწიფება.
          ზინა სოლომნიშვილის პოეზია თავის თავშივეა არსებობის, როგორც ყოფიერების თვისების, მატარებელი და, ამდენად, ის განვითარების მუდმივ წრეში ყალიბდება დროულობის პარალელურად. ბუნებრივია, გადაულახავ სირთულეს ის ქმნის, რომ წარმოქმნილი სააზროვნო სივრცის ინტელექტუალურად ათვისება-დაძლევა, ნაწარმოებზე მეტად მკითხველზეა დამოკიდებული. ამიტომაც ზინა სოლომნიშვილის პოეზიის აღქმა შეიძლება, მხოლოდ თანადროულობის გავლენის გათვალისწინებით, რაც მეტად არამდგრად და, პირდაპირ ვთქვათ, არაობიექტურ ფონს ქმნის მისი ცვალებადი საწყისის განხილვისათვის.
          ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელი მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთებაა – ზინა სოლომნიშვილის პოეზიის ერთ მთლიან ხატად გათავისება და გააზრება საჭიროებს  ესთეტიკური შემეცნების უნარების აბსოლუტიზაციას. ეს ის სივრცეა, სადაც მოსალოდნელი არაფერია და, ამდენად, მკითხველს თითოეული მისი ლექსის კითხვისას თანაბრად მოეთხოვება ცნობიერების ინტელექტუალური და გრძნობადი შრის დაძაბვა.         მის შემოქმედებას საკუთარი მხატვრული საზრისის სიცოცხლე გააჩნია, რაც უსაზღვრო ეგზისტენციალური თავისუფლების, სილაღის ანარეკლია.
           ქალბატონი ზინა თავის ერთ-ერთ ლექსში წერს -  “სანამ გიყვარვარ, მე არ მოვკვდები”.  მშვიდობით იყავ, საქართველო! ის სიყვარული, რაც ზინა სოლომნიშვილმა ადამიანებში დათესა (მისი ლექსები კი ამ საქმეს სამარადჟამოდ გააგრძელებენ), საწინდარია მისი პოეზიის უკვდავყოფისა!.

ლექსო დორეული 

No comments: