Monday, April 4, 2011

კობა გურული

საქართველო  იმოძღვრებს  დედამიწაზე
არ მასვენებს ცოდვა უთქმელი, შენ იცი მხოლოდ და მე, უფალო.
ჯერაც უკიდეურეს აგონიაში ვდგავართ გამოლეული, გალაყებული ათასწლეულის გამო.
გამოლეულ–გამოშრეტილია ათასწლეულის, ანუ ერთი დღის ცურ–ჯიქანი, ბან–ცური.
ყოველი კაცი დაწრეტილი, დამშრალი, დამარღებული, გამოლეულია, გამოწვლილია... მშიერ–მწყურვალი, მცივანი, იმედ და სასოებაგაწყალებული.
ყალბი დიდებით ფუფუნებს უკაცური არაკაცი და აშვებული არაკაცობა – მაშალ–მარღვია–მაცილ–მამონ–მიმტაცებელი ყოველი კაცური სიკეთისა.
ყველაფერში და ყველგან ზის და ღრღნის დამშლელი ჭია, ჭია – სიცოცხლის მაჭირევებელი, ყოველ ფერს, ყოველ არსს, სულიერს თუ უსულოს გარდაცვალების აგონია ემსახვრალება.
კახპის ნიფხავივით გახდილია და სარზე ჰკიდია ღვთიური საზეო სიყვარული. მის ნაცვლად ატეხილი სიძვა მრუშობს და სიძულვილი მოსდებია გარემოს, სიძულვილი გულარძნილი, ბოროტი და ღვარძლიანი.
შური შავი და შავ–შავი.
ცინიზმი ქირქილებს, როგორც კბილებჩაფცქვნილი სიბერე.
შენ რომ დოდო სიყვარული მასწავლე უფალო, შენ რომ დოდო სიცოცხლის კანონთ–კანონი გამიღე, შენ რომ დოდო ყოფნა–არყოფნის გასაღებით გამაბედნიერე, ისიც კი უძლურია ჩემს ხელში დღეს და სხვათა მოურეველ ცოდვათა საშველად, ჩემთა და  სხვათა მოურეველ სიბილწეთა იავარსაქმნელად.
ვაგდივარ თავმობეზრებულ, თავმომაბეზრებელ მთხოვნელად შენდა და გევედრები:
მომეც რამე საშველი, იმ ჩემს უსაყვარლეს ერთგულთა და მოყვარეთა, მტერთა და მოშურნეთა, შეურაცხყოფილის მათის ერთგულება–სიყვარულის შეურაცხყოფის, დამცირების, იმედგაცრუების უსასტიკესი განცდის მოსაცილებლად, მისგან განსაწმენდ–განსათავისუფლებლად, მათი საფუძვლიანი ეჭვის, ორჭოფობის და მათი განმცდელი გულის მომგები განცდის დასაბრუნებლად;
იმ თითო უმანკო განცდათა იმედგაცრუების წამლად და კვლავ ხელჩაქნეულ იმედში დასაბრუნებლად.
როგორც მრავალგზის გიქნია, ქმენ სასწაული და მესასწაულე, კვლავ დააბრუნე განკარგული რწმენა–იმედი, ორასწლიან გულდაკოდილ შენს ერში, იმედი – ფაქიზი, უნაზესი თრთოლი, როგორც აღდგომა, კვლავ აღადგინე იმედის ბროლის ციტადელი, რომელთაც რწმენა, გული და იმედი უნდობლობის მომაკვდინებელი, ყველაფრის ეჭვში ჩამყენებელი დამღა მათი უწრფესი სიყვარულით ნაჩქერ გულზე რომ დაეშუშხუნა. რით ამოვთალო, რით ამოვიღო, რით ამოვჩეხო, რით ამოვდაღო და დავავიწყო დაუვიწყებელი იგი;
რით დავაბრუნო დაკარგული და დავიწყების დილეგშi ჩავკეტო აშვებული სატანის ეჭვის მაჯლაჯი?
გეკითხები, გემუდარები, გთხოვ, უფალო, გევედრები მისაშველო რამე...
და დუმილი ავსებს ჩემი გულის ყურებს და გონების თვალხილულ თვალთა,
მერე უსაშველო სივრცის ნაცრისფერ მირაჟიდან უხმოდ, უშარიშუროდ, ნელნელა ძალმოცემით ამოიცრიც–ამოტივტივდება რაღაც ჯერ გაურკვეველი, ნისლით მოსილი, ობობას აბლაბუდად შებორკილი, თანდათან ბუსუს–ფუმფულში სახემიცემული და გამოკვეთილი ასონიშანი თან...
თ; მერე–ო;... თო–თო...
გამოთლილ–გამობგერებული, გამოძერწილი სიტყვა პირველი თო–თო ისახება.

No comments: