Monday, April 4, 2011

ქართული ლიტერატურის „ოთარაანთ ქვრივი“ ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს (თეონა გონგლაძე)

„ყოველ ადამიანს აქვს ამქვეყნად კუნჭული, სადაც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს“ – ამ სიტყვების ავტორის 80 წლის იუბილე აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში აღნიშნეს. ოტია იოსელიანის შემოქმედებითი საღამო მწერალთა  და თეატრის მოღვაწეთა კავშირebiს ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველმა მწერლებმა, მსახიობებმა და სხვა საზოგადო მოღვაწეებმა მიიღეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის literaturuli salonis ორგანიზებით კი მწერლის იუბილეს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებიც დაესწრნენ.

                შემოქმედებით საღამოზე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა  ოტია იოსელიანი ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა  და ქართველი მწერალების სახელით ილია მართლის ხატი გადასცა.  ჯილდოს მწერალი ჩვეული თავმდაბლობით შეხვდა.
              „ჩინ–მედლები ჯარისკაცებისთვის იყო გამოგონებული. საწყლები იბრძოდნენ და ვაჟკაცობისთვის იღებდნენ პრემიებს.  რად უნდა მწერალსა და ბრძენს ჩინ–მედლების დარიგება და პრემიები? შემოქმედმა თუ რამე გააკეთე დღეს და ამ დაქცეულ ქვეყანაში რაიმე შეძელი, სხვას კი არ უნდა გადაახდევინო მადლობა, აქეთ უნდა იყო  მადლობელი. რა არის ეს ტაში?! კეთილი ვინებოთ,  ხალხის ერთგულება და სამსახური ვისწავლოთ  და აღარ შევაწუხოთ.“ – აღნიშნა მწერალმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
პირველი სტუმარი, რომელმაც კოლეგას იუბილე მიულოცა რევაზ მიშველაძე იყო. მწერალმა ოტია იოსელიანის ლექსები გაიხსენა და მეგობარს ქართული ლიტერატურის „ოთარაანთ ქვრივი“ უწოდა. მისი  თქმით,  ოტია იოსელიანი არის ახალი სიტყვა ქართულ მწერლობაში, უზადო ვარსკვლავთცვენა, თავისი დიდებული, ჭეშმარიტი სიყვარულის მომღერალი და მქადაგებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ შენი მეგობარი ვარ, შენთან საუბრის დროს ყოველთვის დაძაბული ვარ, რადგან სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევ ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ყოველთვის სიმართლეს ამბობ. ამ სიმართლის გამო უყვარხარ ქართველ ხალხს.“ – უთხრა მწერალს რევაზ მიშველაძემ.
ქართველ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ოტია იოსელიანის შემოქმედებით საღამოს იაპონიის ელჩი, კამარა ჰარა და აზერბაიჯანის კულტურული ფონდის დირექტორი არი ჰიბრაკიმოვი ესწრებოდნენ.  კამარა ჰარა   სცენაზე ავიდა და ქართველ ერს მწერლის იუბილე მიულოცა.
იაპონიის ელჩის გამოსვლის შემდეგ მიმლოცველთა შორის რეზო ჩხეიძე გამოჩნდა. მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სცენაზე ასვლა ვერ შეძლო, თუმცა ამ ფაქტს რეჟისორისათვის ხელი არ შეუშლია, მეგობრისადმი პატივისცემა დარბაზიდან  gamoexata.
„ქართული მწერლობა მარტო იმისთვის არ არსებობს, რომ ლამაზად წერო. ნამდვილი მწერლობა მოქალაქეობრივი ვალის მოხდასაც უნდა ითვალისწინებდეს. სწორედ ასეთი მწერლობის წარმომადგენელი ბრძანდებით და ამიტომ  უყვარხართ ძალიან ქართულ საზოგადოებას. ცის კამარაზე იშვიათად გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები, როგორიც თქვენ ბრძანდებით.  თქვენი თხზულებები დაგვრჩება ჩვენ და დარჩება მომავალ თაობასაც.“ – მიმართა მწერალს რეზო ჩხეიძემ. 
ამის შემდეგ სცენაზე გივი ბერიკაშვილმა და გურანდა გაბუნიამ დაიკავეს ადგილი. მსახიობებმა პატარა იმპროვიზირებული სცენაც გაითამაშეს და ოტია იოსელიანს ქართულ ლიტერატურასა და თეატრში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. 
„ერთ ბრძენს უთქვამს, ტყულისთვის სად მცალია, ისეთ ასაკში ვარ, ნეტავ, სიმართლის თქმა მოვასწროო. მეც მინდა, რომ დღეს სიმართლე გითხრა, ჩემო მეგობარო. თუკი რამ სიხარული, თუკი რამ სიყვარული მოუნიჭებია ჩემს პროფესიას ჩემთვის, ამაში დამნაშავე შენ ხარ, ოტია, და დიდ მადლობას გიხდი ამისათვის. მადლობას გიხდი, რომ შენ არსებობ და მე მაქვს ბედნიერება შენთან ვიყო მრავალი წლის მანძილზე.“ – აღნიშნა გივი ბერიკაშვილმა.
მსახიობების მიმართვას „იუმორინას“ პაროდისტის  გამოსვლა მოhყვა. მერაბ გეგჭკორმა საკონცერტო პროგრამიდან მწერლის პაროდია გაითამაშა.
იუმორისტული ჩანართის შემდეგ სცენაზე ოთარ მეღვინეთუხუცესი ავიდა. მსახიობმა ოტია იოსელიანის ის  მოთხრობა გაიხსენა, რომელიც მწერლის იუბილეზე მოსვლამდე  წაიკითხა. მსახიობის თქმით, ნაწარმოების მთავარი მინიშნება ის არის, რომ ადამიანი სიცოცხლის  შესაგრძნობად დაიბადა და ცხოვრების გზა ღირსეულად უნდა განვლოს.
oTar მეღვინეთუხუცესის შემდეგ ოტიას ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის „ჩოხოსანთა“ საზოგადოებამაც მიულოცა იუბილე და თავიანთ ანსამბლთან ერთად ორი სიმღერაც შეასრულა. მუსიკალური ნომერი მიუძღვნა მწერალს ლიტერატურული თეატრის დასმაც, რომელმაც სხვადასხვა ინსტრუმენტზე შესრულებული სიმღერების შემდეგ მწერლის ლექსებიც წაიკითხა. 
„ვარსკვლავთცვენისა“ და „დაჩის ზღაპრების“ ავტორისათვის არც ჯანსუღ ჩარკვიანს დაუშურებია თბილი სიტყვები. ქართველმა პოეტმა მეგობრის იუბილე სადღეგრძელოთი აღნიშნა.
 „შენ სიტყვის კაცი ხარ, ოტია. იცი რატომ? იმიტომ, რომ პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა  ღმერთს ნიშნავდა. შენ დიდი შემოქმედი ხარ და ეს ნიჭი უფალმა გიბოძა. შენს ვაჟკაცობას ვენაცვალე, ღმერთმა კარგად მიმყოფოს შენი თავი, ჩემო მეგობარო, ოტია.“ – თქვა ჯანსუღ ჩარკვიანმა.
„მეწინავეს კი არ ირჩევენ, არამედ მეწინავედ იბადება ადამიანი. თქვენ ქართული მწერლობის მეწინავე ბრძანდებით, ბატონო ოტია“ – მიმართა მწერალს ვაჟა ოთარაშვილმა და ქართული პროზის ორტომეული გადასცა. წიგნში შეტანილია ოტიას მოთხრობა „მეწინავე“ , სადაც, batoni vaJas თქმით, კარგადაა ასახული მეწინავისა და ლიდერის როლი sazogadoebriv cxovrebaSi.
ოტია იოსელიანს  80 წლის იუბილე ქართველი საზოგადო მოღვაწეების გარდა რუსმა მწერლებმაც მიულოცეს. საქართველოს მწერალთა კავშირში მოსკოვიდან მოსულ წერილს ხელს ახმადულინა, დობრანგანოვი და სხვა ცნობილი შემოქმედები აწერდნენ.
ღონისძიების მიწურულს სცენაზე გოგი ქავთარაძე ავიდა. მან  ოტია იოსელიანი ვაჟა ფშაველას შეადარა. „ჩემი ცხოვრების გარკვეული მომენატები ოტიას უკავშრდება. ვაჟა ფშაველასავით კაცია. ვაჟა ვერ მოშორდა მთას, ოტია კი იქ არის, სადაც მისი გენებიa”– აღნიშნა მსახიობმა.
თეატრის  მოღვაწეთა  შემდეგ სტუმრების წინაშე მხატვართა კავშირის წარმომადგენელი წარსდგა და ოტიასადმი თბილი სიტყვები არც მან დაიშურა: „თქვენი სახლი თქვენი სახელოსნოა. გიყვართ ხატვა და ეს უდიდეს იმპულსს გაძლევთ შემოქმედებაში. მე არ ვიცი, როგორ ნაწარმოებებს შექმნიდით, თბილისში რომ გეცხოვრათ. მწერლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ნაწარმოების შექმნა უხდება და თქვენ თქვენს სამყაროში ქმნიდით საკუთარ შემოქმედებას.“
მილოცვების დასრულების შემდეგ ოტია იოსელიანმა სხვადასხვა კრებულიდან  რამდენიმე ლექსი წაიკითხა და ასე გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მადლობა.
შემოქმედებითი საღამო მეუფე იასეს ლოცვა–კურთხევითა და ვაჟთა ანსამბლის ხალხური სიმღერით დასრულდა. 

No comments: